თბილისსა და მინსკს შორის 2018-2020 წლების თანამშრომლობის პროგრამა გაფორმდა
თბილისსა და მინსკს შორის 2018-2020 წლებში თანამშრომლობის პროგრამა გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თბილისის მერმა, კახა კალაძემ და მინსკის საქალაქო აღმასკომის თავმჯდომარე ანდრეი შორეცმა მოაწერეს.
ორ ქალაქს შორის თანამშრომლობის დოკუმენტი ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურის, განათლებისა და ტრანსპორტის სფეროებში პარტნიორობის განვითარებას ითვალისწინებს.
დაგეგმილია გამოცდილების გაზიარება მომსახურების, ენერგოეფექტურობის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროებში. ასევე, მხარეები საინვესტიციო შეთავაზებებს გაცვლიან და ერთობლივ ბიზნესფორუმებს გაუწევენ ორგანიზებას.
თანამშრომლობის პროგრამის თანახმად, დაგეგმილია ურთიერთობების განვითარება ტურისტულ სფეროში, რაც მინსკისა და თბილისის ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიზნით, ტურისტული გამოფენების, ფორუმებისა და მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრების მოწყობას ითვალისწინებს, ასევე, სარეკლამო-საინფორმაციო პროდუქციის გაცვლასა და თემატური ბანერების განთავსებას საინფორმაციო-ტურისტული ცენტრების ვებგვერდებზე. თანამშრომლობის ფარგლებში გათვალისწინებულია გამოცდილების გაზიარება საბინაო-კომუნალურ სფეროშიც.
თბილისსა და მინსკს შორის დაძმობილების ხელშეკრულება 2015 წლის 11 სექტემბერს გაფორმდა.