თბილისსა და მარნეულში ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, თბილისსა და მარნეულის რაიონში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ხუთი პირი დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, მათ ბრალი ედებათ ქურდული სამყაროს წევრობაში, ქურდულ გარჩევაში მონაწილეობის მიღებასა და კანონიერი ქურდისადმი მიმართვაში. დანაშაულები შვიდიდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„დაკავებულები არიან: 1960 წელს დაბადებული გ. დ., 1985 წელს დაბადებული ტ.დ., 1977 წელს დაბადებული ე.კ., 1976 წელს დაბადებული ზ.ბ. და 1982 წელს დაბადებული გ.გ.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ, კერძოდ, დაკავებულებს კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდებთან – ჯეირან კინწურაშვილთან და ირაკლი დანელიასთან და მათთან შეთანხმებით ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ“, – აცხადებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდულ გარჩევაში მონაწილეობის მიღებისა და კანონიერი ქურდისადმი მიმართვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223 მეორე პრიმა მუხლით და 223 მეოთხე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.