თბილისსა და მარნეულში ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება დაიწყო
თბილისსა და მარნეულში ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება დაიწყო. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა.
როგორც გრიგოლ გიორგაძემ აღნიშნა, თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 342 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა.
მისივე თქმით, ფართის მიღების მოთხოვნით განცხადების შევსება თბილისში 2013 წლის პირველი ივნისამდე რეგისტრირებულ ოჯახებს შეუძლიათ.
„ამ ეტაპზე გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად ორ და სამოთახიანი ბინები გადანაწილდება. გარდა ამისა, თბილისში რამდენიმე ავარიული ობიექტი დაიხურება. რაც შეეხება მარნეულს, გრძელვადიანი განსახლების მოთხოვნით განცხადებებს ქვემო ქართლის რეგიონში რეგისტრირებული დევნილი ოჯახები შეავსებენ. საცხოვრებელი ფართი მარნეულში 18 დევნილ ოჯახს გადაეცემა. რაც შეეხება ოჯახებს, რომლებსაც ფართის მოთხოვნით განცხადება უკვე შევსებული აქვთ, დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა მხოლოდ ახალი გარემოების არსებობის შემთხვევაში მოუწევთ”, – განაცხადა გიორგაძემ.
მისივე თქმით, განცხადებების მიღება როგორც თბილისში, ისე მარნეულში 2018 წლის 5 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
„განცხადების შევსება შესაძლებელი იქნება როგორც სამინისტროსა და მის ტერიტორიულ ორგანოებში, ასევე იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში. შეიქმნა დევნილი ოჯახების მიერ შევსებული განცხადებების ერთიანი ელექტრონული ბაზა. სისტემაში უკვე შევსებული 30 ათასზე მეტი განცხადება აიტვირთა. პარალელურად იგეგმება ვებ-გვერდის შექმნა, რომელიც დევნილებს ელექტრონულად მიანიჭებს ქულებს და ოჯახები განცხადებების განხილვის ყველა ეტაპის შესახებ მიიღებენ ინფორმაციას ოპერატიულად”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.