თბილისსა და იმერეთის რეგიონში ხვალიდან რესტორნები, ყველა გასართობი დაწესებულება 22:00 საათამდე იმუშავებს
თბილისსა და იმერეთის რეგიონში ხვალიდან რესტორნები, ყველა გასართობი დაწესებულება 22:00 საათამდე იმუშავებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენი ძირითადი სტრატეგია გახლავთ სწრაფი წერტილოვანი შეზღუდვები, რომელსაც უნდა ჰქონდეს სწრაფი შედეგი. იმ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც დღეს არის ქვეყანაში, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისსა და იმერეთში ხვალიდან რესტორნებისა და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა 22:00 საათიდან შეიზღუდება. ეს მოგვცემს საშუალებას, ვირუსის გავრცელება შევანელოთ“, – განაცხადა გახარიამ.
თუმცა პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ეს საკმარისი არ არის, ვინაიდან ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს, მათ შორის მოქალაქეებს.
„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა, რომელიც გადანაწილებულია პირველ რიგში, მთავრობაზე, ხელისუფლებაზე, ორგანიზაციებსა და ჩვენს მოქალაქეებზე. სამწუხაროდ, რვა თვის შემდეგ, რაც მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს, ვერავინ მოიგონა უფრო ეფექტური წამალი, ვიდრე პირბადე, დისტანცია და ხელების დაბანა. ეს არის ყველაზე ეფექტური საშუალებები, რითაც შეგვიძლია, საკუთარი თავი და ჩვენი ახლობლები დავიცვათ. ამიტომ მოგეხსენებათ, პირბადის ტარება სავალდებულოა დახურულ შენობებში და ეპიდემიოლოგების უკიდურესი რეკომენდაციაა, რომ პირბადე ვატაროთ ღია სივრცეებშიც. ეს არ არის რთული. სულ ცოტა მომდევნო ერთი წელი პირბადე ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილი იქნება. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, ასევე ორგანიზაციებს, დაიცვან ეს წესები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება სავაჭრო ორგანიზაციებს და დაწესებულებებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქართველოში დღეს კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.