საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, თბილისსა და ბაკურიანში უძრავი ქონებები ელექტრონულ აუქციონზე ჯამში 5 506 000 ლარად გაყიდა.
სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ოთარ ჭილაძის ქუჩაზე მდებარე 3668 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გასაყიდმა ფასმა 3 800 000 ლარი შეადგინა.
„აუქციონის პირობების მიხედვით, ტერიტორიაზე არანაკლებ 80 ნომრიანი სასტუმრო მოეწყობა, რისთვისაც 10 000 0000 ლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება. მაღალი კონკურენციის პირობებში წარიმართა ბაკურიანში, სათხილამურო ტრასა „დიდველთან“ მდებარე 12 468 კვ.მ მიწის ნაკვეთის გასაყიდად გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი, სადაც გამარჯვებული 298 ბიჯის შედეგად გამოვლინდა, ხოლო უძრავი ქონების გასაყიდმა ფასმა 1 706 000 ლარი შეადგინა.
აუქციონის პირობების მიხედვით ბაკურიანში დამსვენებლებისთვის უძრავ ქონებაზე სასტუმრო-კომპლექსი მოეწყობა, რისთვისაც არანაკლებ 2 000 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება“,- აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით გაყიდულია 44 906 501 ლარის ღირებულების უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა არანაკლებ 69 200 000 ლარს შეადგენს.