თბილისს მალე სამგანზომილებიანი რუკა ექნება
თბილისს მალე სამგანზომილებიანი რუკა ექნება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისს მალე სამგანზომილებიანი რუკა ექნება.

როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტის განხორციელებაზე გამოცხადებული იყო ინტერესთა გამოხატვა და კომპანიამ პირველი მარტიდან დაიწყო მუშაობა, ივლისისთვის კი მუშაობას დაასრულებს.

„ამ მონაცემებს გამოიყენებს მერიის სხვადასხვა სამსახური თავის შიდა საქმიანობაში.გუგლის რუკისგან განსხვავებით 3D რუქა მოგვცემს შესაძლებლობას გაიზომოს სხვადასხვა პარამეტრები. ეს რუკა ყოველდღიურ საქმიანობაში გამოადგება არქიტექტურის, ურბანულ, გარემო დაცვის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის სამსახურებს, მუნიციპალიტეტის ინსპექციას, მიწის აღიარების კომისიას და რაიონულ გამგეობებს. ასევე მისი მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება მოქალაქეებისთვის ვებგვერდზე www.mapstbilisi.gov.ge. გარდა ამისა, 500 კვადრატულ კილომეტრზე შემუშავდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი თბილისის ორთოფოტო გეგმა. ორივე პროექტი საერთო ჯამში მილიონზე ცოტა ნაკლები გვიჯდება და მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამის განახლება და მოწესრიგება“, – განაცხადა კახა კალაძემ.