„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით ავტომანქანების გადაადგილება შეიზღუდება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, „თბილისობის“ დღესასწაულზე დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, 5 ოქტომბერს ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.
კერძოდ, დილის 05:00 საათიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება ევროპის მოედანსა და მეტეხის ხიდზე, ასევე, აბანოთუბნიდან გორგასლის მოედნის მიმართულებით. მოძრაობა შესაძლებელი იქნება თუმანიანის ქუჩიდან კოტე აფხაზის ქუჩის გავლით.
21:00 საათიდან შეზღუდვა გავრცელდება რესპუბლიკის მოედანზე. რუსთაველის გამზირზე ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს მეცნიერებათა აკადემიის მიმართულებით, ელბაქიძისა და კოსტავას ქუჩების გავლით.
მოძრაობა შეიზღუდება ახვლედიანის მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო სრულად დაიკეტება ბარათაშვილის ხიდის მარცხენა პანდუსი.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს მისთვის განკუთვნილ ზოლში, კერძოდ, ახვლედიანის აღმართიდან ბარათაშვილის ხიდისა და წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მიმართულებით.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, სატრანსპორტო მოძრაობა „თბილისობის“ დღესასწაულის დასრულებისთანავე სრულად აღდგება.