„თბილისობის“ დღესასწაული წელსაც არ გაიმართება
„თბილისობის“ დღესასწაული წელსაც არ გაიმართება

პანდემიიდან გამომდინარე, „თბილისობის“ ფარგლებში, სადღესასწაულო ღონისძიებები ვერც წელს გაიმართება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არსებულ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა.

„ოქტომბრის დასაწყისში ყოველთვის იმართება სახალხო დღესასწაული, რომელიც მართლა ძალიან უხდება ამ ქალაქს. სამწუხაროდ, შარშან ვერ მოვახერხეთ „თბილისობის“ ჩატარება. არსებული პანდემიიდან გამომდინარე, წელსაც იგივე პრობლემა გვაქვს. დღესაც ვებრძვით უხილავ მტერს, რომელსაც კორონავირუსი ჰქვია. შესაბამისად, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლეა. ამიტომ, სადღესასწაულო ღონისძიებებს ვერც წელს გავმართავთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, „თბილისობასთან“ დაკავშირებული კონცერტი და საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

„გვექნება საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია. ასევე, ონლაინ რეჟიმში, პირდაპირ ეთერში გექნებათ შესაძლებლობა, ნახოთ კონცერტი. მესმის არსებული მდგომარეობა. მაქსიმალურად უნდა დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.