საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 6-7 ოქტომბერს, 13:00-დან 23:00 სთ-მდე მეიდანზე სამეწარმეო ბაზრობა გაიმართება. გამოფენა-გაყიდვაზე, წარმოდგენილი იქნება საქართველოში დამზადებული პროდუქციის მრავალი სახეობა – სუვენირები, სამოსი, საკონდიტრო ნაწარმი, ჩირი, ალკოჰოლური სასმელები, ჩაი, სასურსათო პროდუქცია და სხვა. ამასთანავე, ღონისძიებაზე მოეწყობა სხვადასხვა პროდუქციის დეგუსტაცია, სადაც თითოეულ ვიზიტორს შესაძლებლობა ექნება, ადგილზე გაეცნოს და დააგემოვნოს ქართული ნაწარმი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს ცნობით, ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საინფორმაციო სტენდი, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიგონ მეტი სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტებისა და სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის მხარდასაჭერად შემოთავაზებული მექანიზმების შესახებ.
დედაქალაქში თბილისობას 6 და 7 ოქტომბერს ზეიმობენ.