5-6 ოქტომბერს „თბილისობა 2019“ გაიმართება. საზეიმო ღონისძიებებისთვის უკვე შერჩეულია ადგილმდებარეობები – რიყე, ლეღვთახევი, მეტეხის ხიდი, ევროპისა და ორბელიანის მოედნები.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, თბილისობის წლევანდელი პროგრამა განახლებულია და მრავალფეროვან აქტივობას მოიცავს. ღონისძიებებს შორის იქნება საბავშვო კონცერტები და ატრაქციონები; კულინარიის, ტკბილეულისა და ყვავილების ფესტივალები; კოსტიუმირებული მსვლელობები და სპორტული აქტივობები; „მულტიეთნიკური თბილისი“ რიყეზე; ორბელიანის ღია ბაზარი; პროექტი „გვიდირიჟორე“; თბილისთან დაძმობილებული ქალაქების პავილიონები; მუსიკალური წარმოდგენები და სხვა.
ლეღვთახევში მოეწყობა „მუზეუმი ღია ცის ქვეშ“, სადაც წარმოდგენილი იქნება პროექცია კლდეზე: ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ვიდეოები, ცნობილი ფერწერული ნამუშევრები და ა.შ. ამ ადგილის დათვალიერებისას ინსტალაციის შესაბამისად შეიცვლება მუსიკა და გამოსახულება. მეტეხის ხიდზე კი სპორტული და რარიტეტული ავტომანქანების გამოფენა მოეწყობა.
5 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ორბელიანის მოედანზე გაიმართება საპატიო თბილისელების დაჯილდოება და გალაკონცერტი – „მე ვარ თბილისი“. ღონისძიებაზე სახელოვანი წინაპრების პარალელურად, წარმოჩენილი იქნება ახალი თაობა, როგორც დედაქალაქის წინსვლისა და უკეთესი მომავლის საწინდარი.
საღამოში მონაწილეობას მიიღებენ საშემსრულებლო ხელოვნების თვალსაჩინო მოღვაწეები და სახელგანთქმული კოლექტივები.
წარმოდგენილი იქნება: „დილის საარი“, მოძრაობის თეატრის კომპოზიცია; ცინუკი დადიანის კადრები და ნუკრი კაპანაძე – „გამარჯობა, ჩემო თბილის ქალაქო“; „საჰაერო კინტაური“; სოფიკო ჭიაურელი და ნატო მურვანიძე „კინტაური „ხანუმადან“; გიორგი სუხიტაშვილის გამოსვლა; ლადო გუდიაშვილის ცეკვა და მოძრაობის თეატრის კომპოზიცია – „ქართველი მხატვრები“; კახი კავსაძის ჩანაწერი, ბელა მირიანაშვილის კადრები. მიშო ჯავახიშვილი და ნანუკა ხუსკივაძე – „ქარი კვლავ არხევს“; ნინო რამიშვილის „ჯეირანი“, „სუხიშვილების“ „დავლური“ და „ყარაჩოღლური“; გიული ჩოხელი და ნოდარიკო ხუციშვილი – კომპოზიცია „მოგონებები“; ჭაბუკიანის კადრები და ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო დასის ნომერი; ნანული აბესაძე – „შენ, მხოლოდ შენ“; გოგი ალექსიძისა და მარიამ ალექსიძის ნომერი – ერთგვარი ერთობლივი ცეკვა გალაკტიონის ლექსზე); გოგი დოლიძის კადრები – ეკა მამალაძე და მიშო ჯავახიშვილი – „მონატრება“; კონცერტის დასასრულს კი ნანი ბრეგვაძე – „მუხამბაზი“ და ფინალური ნომერი, მიშა მდინარაძის მუსიკალური კომპოზიცია, რომელსაც ყველა მომღერალი ერთად შეასრულებს.
თბილისობის დასასრულს, 6 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ევროპის მოედანზე, დედაქალაქის მერიის მიერ დაფუძნებული თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება განუმეორებელი სანახაობა – „მუარე იქსფირიენს“, რომელიც წარმოადგენს აკრობატების საჰაერო შოუს როკმუსიკის თანხლებით.