თბილისის ზოოპარკი საფრთხეში მყოფი სახეობების გადასარჩენად კამპანიას იწყებს
თბილისის ზოოპარკი საქართველოში გავრცელებული, საფრთხეში მყოფი გარეული სახეობების გადასარჩენად ფართომასშტაბიან კამპანიას იწყებს.
როგორც პირველ არხს ზოოპარკის პრესსამსახურიდან აცნობეს, პროექტს ინიციატორები დღეს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში დაგეგმილ პრესკონფერენციაზე წარადგენენ.
ამასთან, მათივე ცნობით, კამპანიასთან დაკავშირებით 11 და 12 ოქტომბერს, 10:00-დან 15:00 საათამდე, ამავე აუდიტორიაში, თბილისის ზოოპარკისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თაოსნობით, ჩატარდება კონფერენცია „სახეობათა კონსერვაცია და გარეული ცხოველების დაავადებები“. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ უცხოელი მეცნიერები (ნიდერლანდები, იტალია), ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) სახეობათა გადარჩენის კომისიის წევრები, თბილისის ზოოპარკის მეცნიერ-თანამშრომლები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და მკვლევარები, სახეობათა კონსერვაციის ცენტრ NACRES-ის ექსპერტები.
„კამპანია „თბილისის ზოოპარკი საფრთხეში მყოფი სახეობების გადასარჩენად“ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტ „ბიომრავალფეროვნების ფინანსური ინიციატივის“ (BIOFIN) ხელშეწყობით ხორციელდება. კამპანიის მიზანია საქართველოში გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კონსერვაციისთვის ფინანსების მოძიება და საზოგადოების ჩართვა ფაუნის ადგილობრივი წარმომადგენლების გადარჩენის პროცესში. პროექტის ფარგლებში იგეგმება კეთილშობილი ირმის, ნიამორისა და დასავლეთ კავკასიური ჯიხვის კონსერვაცია, რაც სახეობის საბინადრო არეალის შესწავლას, ინდივიდების გამრავლებას და შემდგომ რეინტროდუქციას, ანუ ბუნებაში დაბრუნებას გულისხმობს. გარდა ამისა, დაწყებულია დაობლებული ბელების რეაბილიტაციის პროექტი“,-აღნიშნულია პრესსამსახურის ინფორმაციაში.
კონფერენციაზე განსახილველი თემებია, მთის ჩლიქოსნების სტატუსის მდგომარეობის შეფასება და კონსერვაციული ქმედებების დაგეგმვა, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა კონსერვაციაში, გარეული ცხოველების დაავადებები.
„საქართველოში გარემოს დაცვა უმეტეს შემთხვევაში გამწვანებასთან, ან დასუფთავებასთან ასოცირდება და მინიმალური ყურადღება ექცევა არანაკლებ მნიშვნელოვან თემას – ჩვენს ქვეყანაში გავრცელებული გარეული ცხოველების დაცვას. პრობლემა მართლაც რომ მწვავეა. ადამიანის უგუნურმა და მომხმარებლურმა დამოკიდებულებამ თავისი შედეგი უკვე გამოიღო, გადაშენების საფრთხის წინაშე არაერთი სახეობა აღმოჩნდა. თბილისის ზოოპარკი, ასრულებს რა, ზოოპარკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციას გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, იწყებს კამპანიას საქართველოში გადაშენების პირას მყოფი სახეობების კონსერვაციისთვის დაფინანსების მოსაძიებლად.
ჩვენი მიზანია, მოსახლეობისთვის აქტუალური გახდეს ჩვენ გვერდით მობინადრე გარეულ ცხოველებზე ზრუნვა, რათა მომავალმა თაობებმა მხოლოდ წიგნებში არ ამოიკითხონ, რომ საქართველოში ოდესღაც ესა თუ ის ცხოველი ბინადრობდა“, – აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.
კონფერენციაზე დასწრება თავისუფალია.