თბილისის ზოგიერთ უბანს ავტობუსის რამდენიმე ახალი მარშრუტი დაემატება
თბილისის მერმა კახა კალაძემ ყვითელი ავტობუსების სრულად ჩანაცვლების შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, ყვითელი ავტობუსები დიდ დისკომფორტს ქმნის მგზავრებისთვის და მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჰაერის დაბინძურებაში.
კალაძის ინფორმაციით, დიდ დიღომის მე-4 მიკრორაიონიდან მაღლივი კორპუსის მიმართულებით ახალი მარშრუტი დაემატება.
“დაემატება ახალი, ნომერ 54 მარშრუტი, რომელიც მგზავრებს დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონიდან მაღლივი კორპუსის მიმართულებით, დავით აღმაშენებლის ხეივნიდან მარშალ გელოვანისა და ვაჟა-ფშაველას გავლით მოემსახურება”, – აღნიშნა კახა კალაძემ მერიაში გამართულ სხდომაზე.
მისივე თქმით, აღნიშნული მარშრუტი დიდი დიღმის მოსახლეობასა და მარშრუტის გზასავალზე მომლოდინე მგზავრებს საშუალებას მისცემს საბურთალო-ვაკის ტერიტორიის ნაწილსა და უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსს მოკლე დროში დაუკავშირდნენ.
„ასევე სოფელ ახალდაბის მოსახლეობის სატრანსპირტო მომსახურეობის გაუმჯობრსების მიზნით, მოხდება კიდევ ერთი დამატებითი ავტობუსის დამატება. ეს არის ნომერი 82. იქ მცხოვრებ ადამიანებს დაახლოებით ორი საათი უწევდათ ხოლმე ავტობუსის ლოდინი. შესაბამისად, ეს შეუმსუბუქებს იქ მცხოვრებ ადამიანებს მგზავრობას. ასევე იხსნება ახალი მარშრუტი – ნომერი 64, რომელიც სიმონ ჩიქოვანსა და ხილიანის დასახლებას და მის მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებ მოქალაქეებს რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის გავლით,ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გაუწევს მომსახურებას”, – აღნიშნა თბილისის მერმა.