თბილისის ზღვის ჰოსპიტალში დადასტურებული ორი შემთხვევიდან ერთი ე.წ. ბოლნისის კლასტერიდანაა
კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი, რომლებსაც კოვიდ19 თბილისის ზღვის ჰოსპიტალში დაუდასტურდათ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს.
ორივე მათგანი შუა ხნის ასაკის ქალბატონია.
მათი მდგომარეობა ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმის.
კლინიკის ხელმძღვანელის, კახა ბეროზაშვილის ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი ბოლნისის ცნობილი კლასტერიდანაა, მეორე ინფიცირებულის კონტაქტების შესახებ კი ინფორმაციას არ ფლობს.
ამ დროისათვის კლინიკაში 38 პაციენტი რჩება, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაც მეტ-ნაკლებად სტაბილურია.
თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან ლუგარის ლაბორატორიაში დღეს კიდევ 30-მდე პაციენტის ანალიზს გაგზავნიან.