თბილისის ზღვაზე წყლის სინჯები აიღეს, რომლის კვლევის შედეგიც ათ დღეში გახდება ცნობილი
მსოფლიო წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, თბილისის ზღვაზე წყლის სინჯების აღების პროცესში მიიღო მონაწილეობა.
სპეციალისტებმა აღებულ სინჯებში წყლის ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები ადგილზე განსაზღვრეს, ქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევები გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში ჩატარდება. მიღებული შედეგები ათ დღეში გახდება ცნობილი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს მასშტაბით ზედაპირული წყლების მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს და წყლის ხარისხს მდინარეების და ტბების 150-მდე წერტილში იკვლევს.
„აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს წყლის რესურსების მართვის შესახებ ახალ კანონპროექტზე მუშაობა, რაც ევროკავშირის წყლის კანონმდებლობასთან ჰარმონიზებას ითვალისწინებს. ასევე, მნიშვნელოვანი სამუშაოები ხორციელდება საქართველოში წყლის რესურსების სააუზო მართვის დანერგვის მიზნით“, – აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე 22 მარტს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით აღინიშნება. ამ დღის დაწესებისა და აღნიშვნის მიზანია, მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს, როგორი მნიშვნელობა აქვს წყლის რესურსების მოფრთხილებას და მის დაცვას.