თბილისის ზღვაზე, კუს ტბასა და ლისის ტბაზე საბანაო სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მაისიდან სექტემბრის ჩათვლით, ზედაპირული წყლების რეგულარულ მონიტორინგს ახორციელებენ.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, სპეციალისტებმა ამჯერად წყლის სინჯები ლისის ტბაზე აიღეს და წყლის ხუთი მახასიათებელი განსაზღვრეს (ტემპერატურა, PH, გახსნილი ჟანგბადი, ელექტროგამტარობა და მარილიანობა).
აღებული სინჯები ტრანსპორტირებულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში, სადაც წყლის ქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევა განხორციელდება. ლისის ტბაზე ჩატარებული კვლევის შედეგები გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდება და ნებისმიერ დაინტერსებულ პირს შესაძლებლობა ექნება, ინფორმაციას გაეცნოს.
სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, ზედაპირული წყლების მონიტორინგი ამ ეტაპზე 170-მდე წერტილში ხორციელდება.