თბილისის მერმა, კახა კალაძემ გამგებლებლებს მიმართა, კვირაში ერთი დღე ყველა რაიონში სპეციალურად გამოყოფილ ადგილას მოეწყოს ბაზრობები, სადაც ადამიანები ვაჭრობას და საკუთარი პროდუქციის რეალიზებას შეძლებენ.
თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალას გამოეხმაურა.
„რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც თითქოს ზედამხედველობის სამსახური გარემოვაჭრეებს არბევდა. მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ჩვენ არავის ვართმევთ მოსავალს, ჩვენ ვიცავთ კანონს და ქალაქს. ეს კანონი დღეს არ მიგვიღია. თბილისში გარევაჭრობა აკრძალულია და ზედამხედველობის სამსახური ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს იმისათვის, რომ თბილისში აღვკვეთოთ ყველანაირი გარევაჭრობა. დედაქალაქში არსებობს სავაჭრო სივრცეები, რათა კანონის დაცვით განხორციელდეს ეკონომიკური საქმიანობა და არავინაა შეზღუდული, თუმცა ცენტრალურ ქუჩებზე კატეგორიულად მიუღებელია ამგვარი საქმიანობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განცხადებით, გარევაჭრობაზე თვალის დახუჭვით ქალაქში სრულ ქაოსსა და განუკითხაობას მივიღებთ. მისივე თქმით, კანონის სრული დაცვით უნდა მოხდეს გარევაჭრობის აღკვეთა.
„თუ არის საჭიროება, მივმართოთ გამგეობებს და გამოვყოთ ერთი კონკრეტული დღე ყველა რაიონში, სადაც მოვუწყობთ ამ ადამიანებს შესაბამისი ინფრასტრუქტურით, ცივილურად, როგორც ეს ბევრ ქვეყანაში ხდება ასეთი ტიპის ბაზრობების გაკეთება ერთი დღით, მობრძანდნენ ყოველგვარი გადასადახის გარეშე. ჩვენ მივცემთ ამის შესაძლებლობას, თუ იქნება სურვილი. მინდა გამგებლებს მივმართო, გამოყავით ადგილი და მივცეთ ამ ადამიანებს ეკონომიკური საქმიანობის უფლება. თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს ადამიანი საუბრობს თითქოს ის ჩამოვიდა ე.წ. მარშრუტკიდან და მაშინვე ააცალეს ეს ყველაფერი. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პირი რამდენიმე დღის განმავლობაში იდგა იმ კონკრეტულ ადგილზე და ცდილობდა, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების გამოწვევას, მოიხსენიებდა უხეშად და აყენებდა შეურაცხყოფას.
„აშკარად ჩანდა, რომ ეს იყო პროვოკაცია. ჩვენ დავიწყეთ ამაზე მოკვლევა. ოფიციალურად გამოვითხოვეთ „დინამოს“ სტადიონის ადმინისტრაციისგან სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, სადაც ნათლად ჩანს, რომ ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი რამდენჯერმე აფრთხილებს გარემოვაჭრეს, აალაგოს პროდუქცია ადგილიდან და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი არ ემორჩილება გაფრთხილებას, ზედამხედველობის თანამშრომელი ახორციელებს კონფისკაციას, კანონით მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესაბამისად. ჩვენი თანამშრომლების მხრიდან ცუდი იყო ის, რომ ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშე იმყოფებოდნენ, არც კამერები იყო, ამიტომ იქნება რეფორმა განხორციელებული ზედამხედველობის სამსახურში“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, მოახდინეს იმ ადამიანის იდენტიფიცირება, რომელიც თავს გლეხად ასაღებდა.
„ეს გახლავთ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი, უბრალოდ ახლა არ ვიტყვი, ვინ არის. ეს იყო დადგმული პროვოკაცია და არავის მივცემთ მსგავსი პროვოკაციის შესაძლებლობას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.