თბილისის უბნებში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობდა, ახალი მიკროავტობუსები დაინიშნა
თბილისის მთელ რიგ უბნებში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობდა, ახალი მიკროავტობუსები დაინიშნა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარეშე არც ერთი ქუჩა არ დარჩება.
„როგორც იცით, ჩვენი სატრანსპორტო რეფორმის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის საყოველთაო ხელმისაწვდომობა. სამწუხაროდ, თბილისში იყო ადგილები, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი საერთოდ არ დადიოდა, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენდა. ჩვენი დაპირება იყო, რომ ამ რეფორმის ფარგლებში, არ დავტოვებთ არც ერთ ქუჩას, არც ერთ უბანს, დასახლებას, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმოძრავებს. პირველი თებერვლიდან ახალი მიკროავტობუსები დაინიშნა ავშნიანის დასახლებაში, გლდანის მეოთხე და მერვე მიკრორაიონების უკან მდებარე დასახლებებში, დიდი და პატარა ტბის მიმდებარე დასახლებაში, ასევე, ინგუშეთის ქუჩაზე, ამავე რაიონში წყაროთუბნის დასახლებაში, ვეძისისა და ზემო ვეძისის ისეთ ქუჩებზე, სადაც ტრანსპორტი დღემდე არ დადიოდა. ასევე, ტრანსპორტით ისარგებლებს ბეთანიის მოსახლეობა, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩისა და ავჭალის აგარაკების მცხოვრებლები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, რეფორმა გრძელდება და მიმდინარეობს მარშრუტების შედგენა იმგვარად, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველასთვის ხელმისაწვდომი და კომფორტული იყოს.
„პროცესი გრძელდება და დარწმუნებული ვარ, რეფორმა, რომელიც ჩვენ 2017 წელს წამოვიწყეთ, ძალიან დიდ სარგებელს მოუტანს ყველა იმ ადამიანს, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.