თბილისის ტურნირზე ორი ქართველი ნახევარფინალშია
თბილისის ტურნირზე ორი ქართველი ნახევარფინალშია

თბილისში ქალთა შორის საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირი (საპრიზო ფონდი – 25 ათასი დოლარი) მიმდინარეობს, რომელშიც, თავდაპირველად, შვიდი ქართველი ჩოგბურთელი ჩაება ბრძოლაში და სატურნირო ბადეს ორი მათგანი შემორჩა – ეკატერინე გორგოძე და მარიამ ბოლქვაძე. ისინი ნახევარფინალში არიან გასულები.

მე-3 ნომრად განთესილმა გორგოძემ მეოთხედფინალში ტურნირის მერვე ნომერი, რუსი ანასტასია ფროლოვა დაამარცხა – 7:6(6), 6:1. ქართველს ნახევარფინალში ურთულესი მატჩი ელოდება უმაღლესი განთესვის მქონე ჰოლანდიელ კესლი კერკჰოვესთან.

რაც შეეხება ბოლქვაძეს, მან მე-5 ნომრად განთესილ ბულგარელ ისაბელა შინიკოვას – 6:2, 6:3 მოუგო და ფინალის საგზურისთვის რუმინელ ანდრეა ამალია როსკას დაუპირისპირდება.

თბილისის წყვილთა ტურნირს ქართველი ჩოგბურთელები აღარ შემორჩნენ: ნახევარფინალში გორგოძე და მისი მეწყვილე ფროლოვა სლოვაკ მიჰალიკოვასთან და ბრაზილიელი პიგოსისთან დამარცხდნენ – 2:6, 2:6.