თბილისში ლიცენზირებული ტაქსის მძღოლები 300 ლარიანი დახმარების შესახებ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას მიიღებენ
მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, „თბილისის ტაქსის“ მფლობელები ერთჯერადად 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი მიმართულება დაზარალდა. მათ შორის არიან ტაქსის მძღოლები.
„თბილისის ტაქსის“ მფლობელებს ის სამთავრობო ანტიკრიზისული შეღავათი შეეხება, რომელიც ერთჯერადად 300-ლარიან დახმარებას ითვალისწინებს. ეს პროექტი ყველა ლიცენზირებული ტაქსის მძღოლს შეეხება. ამისთვის საჭირო იქნება გარკვეული, მინიმალური პროცედურების გავლა და შესაბამისი სამსახურებისთვის მონაცემების მიწოდება. ჯანდაცვის სამინისტროში იქმნება სპეციალური კომისია და ის პირები, ვინც კორონავირუსის პანდემიის პირობებში შემოსავალი დაკარგა, ცენტრალური ხელისუფლებისგან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ. ამის შესახებ მათ დეტალურად მიეწოდებათ ინფორმაცია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა მოადგილეებს დაავალა, აღნიშნულის შესახებ დეტალური ინფორმაცია ლიცენზირებული ტაქსების მძღოლებს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიაწოდონ.