„თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2018“ საზეიმოდ დაიხურა. ფესტივალი, რომელიც თბილისის მერიის ორგანიზებით გაიმართა, მასშტაბურ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებს მოიცავდა და მასში დედაქალაქში არსებული 23 სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების 30 000-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა.
ფესტივალს, რომელიც უკვე მესამედ გაიმართა, წელს კულტურული მიმართულებაც დაემატა. მისი შემადგენელი ნაწილია სტუდენტური თეატრების თბილისის საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი 2018“. გარდა ამისა, წელსაც, ტრადიციულად, მასშტაბური შეჯიბრებები გაიმართა სპორტის ექვს სახეობაში. კერძოდ, მინი ფეხბურთში, ფრენბურთში, ჩოგბურთში, ქუჩის კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთსა და ბოულინგში. მათგან ოთხ სახეობაში შეჯიბრებები ჩატარდა როგორც გოგონებს, ასევე ვაჟებს შორის.
„თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2018“ საზეიმოდ დახურვის ცერემონიალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრნენ. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ 3 000 სტუდენტი, საერთაშორისო და ადგილობრივი სტუდენტური ორგანიზაციების წარმომადგენლები და უნივერსიტეტის რექტორები.
ფესტივალის მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, სტუდენტური ცხოვრების გააქტიურება და გამრავალფეროვნება, სტუდენტთა მოტივაციის ამაღლება და მათი ნიჭის რეალიზაციის ხელშეწყობა.