თბილისის შემოგარენსა და რამდენიმე რეგიონში თოვლი მოვიდა
თბილისის შემოგარენსა და რამდენიმე რეგიონში თოვლი მოვიდა

საქართველოს რამდენიმე რეგიონსა და თბილისის შემოგარენში თოვლი მოვიდა. დედაქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებზე – კოჯორში, ტაბახმელაში, ბეთანიასა და წყნეთში გზის სავალი ნაწილის თოვლისგან გაწმენდითი სამუშაოები და ტექნიკური მარილის დაყრა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენელმა, დავით ჩანქსელიანმა განუცხადა, თოვლის გამო ავტომანქანებს გზებზე გადაადგილების პრობლემა არ შექმნიათ.

ამასთან, მოთოვა კახეთშიც. ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 ნოემბრის ჩათვლით, აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი, ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი, დასავლეთ საქართველოში კი დღეიდან ისევ უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

რაც შეეხება დედაქალაქს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22-23 ნოემბერს თბილისის ცალკეულ უბნებში შესაძლოა, თოვლიც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში 0, +2, დღისით კი +2, +4 გრადუსი იქნება.