თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მომავალი წლიდან სააბონიმენტო სისტემა ამოქმედდება
თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მომავალი წლიდან სააბონიმენტო სისტემა ამოქმედდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. მისივე განმარტებით, მიკროავტობუსების პარკის მთლიანად განახლების შემდეგ, ყველა საზოგადოებრივ ტრანსპორტში იმოქმედებს მგზავრობის ინტეგრირებული ტარიფი.
„გარდა ამისა, იანვრის თვიდან ჩვენ შემოგვაქვს სიახლეები – სააბონიმენტო სისტემა. ამასთან დაკავშირებით ცოტა მოგვიანებით მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას. ასევე, იქნება ინტეგრირებული ტარიფი. იცით, რომ მეტროს ბილეთის ყიდვის შემთხვევაში, საათ-ნახევრის განმავლობაში ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, იასარგებლონ ავტობუსით, მიკროავტობუსით ყოველგვარი გადასახადების გარეშე. ეს დღევანდელი მოცემულობიდან ყვითელ ე.წ. მარშრუტკებზე არ ვრცელდება, თუმცა მომავალი წლიდან მთლიანად იქნება მოწესრიგებული და ყველა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე იქნება შესაძლებლობა, გამოიყენოთ ეს ინტეგრირებული ტარიფები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე მიკროავტობუსების პარკი მთლიანად განახლდება და ყვითელი მიკროავტობუსები მთლიანად ჩანაცვლდება ახალი, ლურჯი მიკროავტობუსებით.