თბილისის სატრანსპორტო სამსახურის კონდუქტორების მუშაობა ხვალიდან დროებით ჩერდება
ხვალიდან, დროებით შეჩერდება თბილისის სატრანსპორტო სამსახურის კონდუქტორების მუშაობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არ შეაფერხებს მათ სახელფასო ანაზღაურებას და ყველა ადამიანი უწყვეტად მიიღებს კუთვნილ სახელფასო თანხებს.
„თბილისის მერია, შესაბამის უწყებებთან ერთად აქტიურ რეჟიმში მუშაობს ვირუსის გავრცელების საფრთხის პრევენციისთვის. თუმცა, ამ გამოწვევის დაძლევას სჭირდება, როგორც სახელმწიფოს გამართული მუშაობა, ისე საზოგადოების კონსოლიდაცია, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დისციპლინა. ქართველებს არაერთხელ დაგვიმტკიცებია, რომ მძიმე მომენტებში შეგვიძლია გაერთიანება და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოვლენა. ამ სიტუაციაში კი, რაც ასევე განსაკუთრებულად მოგვეთხოვება თითოეულ ჩვენგანს, ეს დისციპლინა, თანმიმდევრულობა და რეკომენდაციების ზედმიწევნით გათვალისწინებაა. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ჩვენ თანამოქალაქეებს, მოერიდოთ სახალხო თავშეყრის ადგილებს, განსაკუთრებული საჭიროების გარეშე ქალაქში გადაადგილებას, დაიცვათ რეკომენდაციები და სახელმწიფო, მათ შორის მუნიციპალური სერვისებით ისარგებლოთ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში. გისურვებთ ჯანმრთელობას“,- განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს მასშტაბით, მათ შორის თბილისში, ხვალიდან მიკროავტობუსების მომსახურება დროებით ჩერდება.