თბილისის სატელევიზიო ანძა კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღის ფერებში განათდა
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. მსოფლიოს ათეულობით ქალაქის ღირშესანიშნაობების მსგავსად, დღეს თბილისის სატელევიზიო ანძა ლურჯ და ნარინჯისფერებში განათდა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
„მსოფლიო ამ დღეს, კიბოს წინააღმდეგ ერთიანდება და მისი მიზანი, კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით, ყოველწლიურად, მილიონობით ლეტალური შემთხვევის თავიდან აცილებაა. კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღის დევიზია – „მე ვარ და მე ვიქნები“. ამ დღის აღნიშვნის იდეა კიბოს კონტროლის საერთაშორისო კავშირს (UICC) ეკუთვნის და მსოფლიოში მილიონობით ადამიანის გადასარჩენად, ხელისუფლებებსა და ხალხს მოქმედებისკენ მოუწოდებს“,- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის გელა ჩივიაშვილის განცხადებით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია სხვადასხვა პროგრამის განხორციელებით, მაქსიმალურად ცდილობს მოსახლეობაში კიბოს გავლენის შემცირებას.
გელა ჩივიაშვილის თქმით, თბილისის მერია ამ მიმართულებით, რამდენიმე მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს. ესენია – დაავადებათა სკრინინგი, რომელიც მოიცავს ხუთ კომპონენტს: ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის, ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, კოლორექტული და პროსტატის კიბოს უფასო გამოკვლევას, ძუძუს კიბოს ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსების, ღეროვანი უჯრედებისა და ღვიძლის გადანერგვის პროგრამები.
„UICC 1933 წელს შეიქმნა და კიბოსთან ბრძოლის მართულებით, მსოფლიოში პირველი და ყველაზე დიდი ორგანიზაციაა, რომელიც 172 ქვეყნის 1 200 ორგანიზაცია-წევრს აერთიანებს. UICC არის City Cancer Challenge ფონდის დამაარსებელი, რომელთანაც 2019 წლის 4 თებერვალს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, თბილისის მერიამ და საქართველოს პაციენტთა კავშირმა, ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმის ფარგლებში, City Cancer Challenge თბილისის სამოქმედო გეგმა შემუშავდა. გეგმის ძირითადი მიმართულებებია: კიბოს მართვის კუთხით ხარისხის გაუმჯობესება, თანაბარი ხელმისაწვდომობა, მულტიდისციპლინური მიდგომის განვითარება, სადიაგნოსტიკო სერვისების გაძლიერება, ეროვნული სახელმძღვანელოებისა და პროტოკოლების შემუშავება, უწყვეტი სამედიცინო განათლების ხელშეწყობა, პაციენტების ინფორმირებულობის დონის ამაღლება და სხვა“,- აღნიშნული აინფორმაციაშ, რომელსაც თბილისის მერია ავრცელებს.