თბილისის სასაფლაოების მიმართულებით დანიშნულია ავტობუსების სპეციალური რეისები, რომლებიც მგზავრებს დღესაც უფასოდ მოემსახურება
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით დამატებულია სპეციალური ხაზები, რომლებიც მოემსახურება საქალაქო სასაფლაოების მიმართულებით მოძრავ მგზავრებს, – ამის შესახებ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ, დავით ჯაიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ავტობუსების სპეციალური რეისები დანიშნულია თბილისის ყველა სასაფლაოს მიმართულებით. მგზავრობა დღეს, 20:00 საათამდე, სასაფლაოების მიმართულებით უფასოა.
„როგორც გუშინ, ასევე დღეს დილის 08:00 საათიდან აღნიშნული მარშრუტები მოძრაობენ მეტროსადგურებიდან სასაფლაოების მიმართულებით. კონკრეტულად, მეტროსადგურ მარჯანიშვილის მოედნიდან, სადგურის მოედნიდან, ასევე ვარკეთილიდან და სარაჯიშვილის მეტროსადგურებიდან.
აღნიშნული მომსახურება უფასოა. საღამოს 20:00 საათამდე შეძლებენ მგზავრები სარგებლობას აღნიშნული მარშრუტებით. საქალაქო სასაფლაოების მგზავრთათვის შვიდი სპეციალური რეისი გამოიყო, სადაც მგზავრთა ნაკადის გათვალისწინებით, სპეციალურად შექმნილი გრაფიკის გათვალისწინებით მიმდინარეობს მგზავრთა მომსახურება. აღნიშნულ მარშრუტებზე გადაყვანა უფასოდ მიმდინარეობს. შესაბამისად დამატებით დაფიქსირება ბარათის საჭირო არ არის.
რაც შეეხება პანდემიიდან გამომდინარე შეზღუდვებს, დამატებითი შეზღუდვები არ მოქმედებს, გარდა პირბადის ტარების ვალდებულებისა, რომელიც რჩება საზოგადოებრივ ტრანსპორტში“,- განაცხადა დავით ჯაიანმა.
ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს. ამ დღეს მორწმუნეები მიცვალებულთა საფლავებზე გადიან.