თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნიკა მელიას საქმის არსებით განხილვაზე ბრალდების მხარე ვიდეოჩანაწერებს წარადგენს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა იწყება. სხდომაზე ბრალდების მხარე მტკიცებულებებს, მათ შორის ვიდეომასალებს, წარადგენს, რომლებიც 20-21 ივნისის მოვლენებს ასახავს.
სასამართლოს წინა სხდომაზე დაცვის მხარემ სწორედ ამ მასალების გამოსაკვლევად მოსამზადებელი დრო ითხოვა.
ჯერჯერობით უცნობია, ბრალდების მხარე დღევანდელ სხდომაზე წარადგენს თუ არა მოწმეებს.
როგორც მელიას ადვოკატები აცხადებენ, ბრალდების მხარის მოწმეთა უმეტესობა სამართალდამცველია. როგორც ცნობილია, თავად ნიკა მელია სასამართლო პროცესს არ დაესწრება, რადგან ის მოსამართლის მიერ სხდომიდან გაძევებულია.
„ბრალდების მხარე იწყებს მტკიცებულებების გამოკვლევას. ნიკა მელიას პროცესზე ბრალდებამ შეარჩია სტრატეგია, რომ იწყებენ იმ ვიდეოს გამოქვეყნებას, რაც საზოგადოებას არაერთხელ აქვს ნანახი. საუბარია სხვადასხვა ტელევიზიიდან გამოთხოვილ მასალებზე. ეს ალბათ, მათ დროს აძლევს, რომ პროცესი გაიწელოს. გარკვეულ უხერხულობაზეა აქ საუბარი. არ სურთ მოწმეთა მოყვანა და მოძებნეს ხერხი. მე არ გამიგია ბრალდება იწყებდეს მტკიცებულებების გამოკვლევას იმ ვიდეოჩანაწერებით, რაც ნანახი აქვს საზოგადოებას. ადამიანებს ეს ძალიან ბევრჯერ აქვთ ნანახი და დღეს კიდევ ერთხელ მოხდება ჩვენება“, – განაცხადა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა.