თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას ბრალდების საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება.
დღევანდელ სხდომაზე სავარაუდოდ ისევ ვიდეომასალებს გამოიკვლევენ. საუბარია 20-21 ივნისის მოვლენების ამსახველ ჩანაწერებზე. ვიდეოში ნიკა მელია აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართავს.
წინა სასამართლო სხდომაზე მედიიდან გამოთხოვილი ჩანაწერები გამოიკვლიეს. დაცვის მხარის შეფასებით, რამდენიმესაათიანი ვიდეომასალა ბრალდების მხარემ მხოლოდ ფრაგმენტულად გამოიკვლია და სრული სურათი კონტექსტიდან ამოვარდნილია. მელიას ადვოკატების თქმით, აქციაზე მელიას მხრიდან ძალადობრივ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია.
ამას კატეგორიულად უარყოფს პროკურორი, რომელიც აცხადებს, რომ გამოიკვლიეს ჩანაწერის ის ნაწილები, რაც უშუალოდ მელიას ეხება და სადაც ის მოქალაქეებს მიმართავს, მისი მიმართვები კი ძალადობრივი იყო.
ამასთან დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ ორი მოწმე წარადგინა, თუმცა მათი გამოკითხვა დაცვის მხარეს არ სურს. ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, პროკურატურამ დაცვის მხარეს არ აცნობა, სხდომაზე რა სახის მტკიცებულებების გამოკვლევა იგეგმებოდა, რითაც შეთანხმება დაარღვია. კონდახაშვილის განცხადებით, მას ნიკა მელიასთან შეხვედრა და გასაუბრება სურს, რის შემდეგაც დაცვის სტრატეგიაზე შეთანხმდება. სწორედ ამ მიზეზით დაცვის მხარე სხდომის გადადებას ითხოვს.
მოთხოვნა მიუღებელია პროკურორისთვის, რომელიც აცხადებს, რომ მისთვის წინასწარ ყოველთვის არ არის ცნობილი, რომელი მოწმე შეძლებს სასამართლოში გამოცხადებას. როგორც ამირან გულუაშვილი აცხადებს, სწორედ ამ ობიექტური გარემოებების გამო, წინასწარ ვერ ხდება ზუსტად იმ მოწმის დასახელება, რომელიც სხდომაზე იქნება გამოძახებული.