თბილისის საქალაქო სასამართლოში მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებული სამი პირის პროცესი გაიმართება
რუსთაველის გამზირზე 5 ივლისს გამართულ აქციაზე მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებული სამი პირის მიმართ პროკურატურამ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების სხდომა დღეს გაიმართება.
როგორც საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, საქმეზე მოპოვებულია მტკიცებულებები და გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ბრალდებულ სამ პირს შორის არის სკუტერის მძღოლი, რომელიც 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე მედიის წარმომადგენლებს, მათ შორის საქართველოს პირველი არხის გადამღებ ჯგუფებს ეჯახებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, სამი პირი: წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული მ.დ., 1983 წელს დაბადებული ზ.ჭ., და ასევე, წარსულში ნასამართლევი, 1979 წელს დაბადებული ზ.მ. დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება.