თბილისის საქალაქო სასამართლოში ფონდ „იავნანას“ ჯგუფის წევრები იკითხებიან
თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე, პროკურატურა ფონდ “იავნანას” შემოქმედებითი ჯგუფის წევრებს კითხავს.
გამოკითხვის პროცესი ადვოკატის და საქმის პროკურორის თანდასწრებით მიმდინარეობს. ამ დღემდე ორი პირი გამოკითხეს, თუმცა მათ კომენტარი არ გაუკეთებიათ. სასამართლოში “იავნანას” სამხატვრო ხელმძღვანელი თეონა ჯორბენაძე იმყოფება, რომელმაც აღნიშნა, რომ საბოლოოდ პროკურატურა “იავნანას” შემოქმედებით ჯგუფს დაიბარებს და გაწეული საქმიანობისთვის მადლობას გადაუხდის.
მისი თქმით, ის, რომ იავნანას შესახებ ინტერნეტში გავრცელებული ფილმი ერთმა ადამიანმა ნახა (აფბა-ს წარმომადგენელი ანდრია გვიდიანი, რომელმაც პროკურატურაში განცხადება შეიტანა) და მეორე დღეს პროკურატურას მიმართა გამოძიების დაწყების მოთხოვნით, დადგმულია და პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებას წარმოადგენს.
თეონა ჯორბენაძემ განაცხადა, რომ არანაირ არამიზნობრივ ხარჯვას “იავნანაში”ადგილი არ ჰქონია.
მისი შეფასებით, გამოძიების დაწყებამ საქველმოქმედო იდეა ჩაახშო და უამრავმა ორგანიზაციამ გააჩერა ქველმოქმედება, რაც საბოლოოდ ქვეყნისთვის საზიანო და სამარცხვინო ფაქტია.