თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის ეპიზოდზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის ეპიზოდზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ამჯერად პროცედურულ საკითხებს განიხილავენ. მსჯელობა მიმდინარეობს სასამართლო პროცესის ტელევიზიების მიერ გაშუქების საკითხზე.
საქმის ადვოკატები სასამართლო პროცესის სხვა მედიასაშუალებებისთვის გადაღების უფლების მიცემას ითხოვენ.
„როგორც ხედავთ, ოცამდე მედიამ მოგმართათ პროცესის გადაღების თხოვნით, მართალია საზოგადოებრივი მაუწყებელი აშუქებს, თუმცა სხვა მედიას რატომ არ ეძლევა ამის საშუალება, არის გაუგებარი. სასამართლოს მიერ მოყვანილი კანონის საფუძველი არის ტყუილი, მაუწყებელს ანიჭებს უპირატესობას. შეგახსენებთ, რომ არაერთი პრეცედენტი იყო, როდესაც რამდენიმე მედია აშუქებდა. ასევე, რაც კოვიდრეგულაციებზე თქვით, არის ტყუილი. უარი ამ მედიასაშუალებებზე, რაც თქვით, ობიექტურ არგუმენტებს არ ემყარება. გთხოვთ, ვინც მოგმართათ მედიამ, დაუშვით“, – განაცხადა სხდომაზე ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
პროცესს ესწრება საქმის ერთ-ერთი ბრალდებული, დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა.
ამასთან, სხდომაზე გიგი უგულავამ მოითხოვა, რომ პროცესის პირდაპირ ეთერში გაშუქების საშუალება საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მაინც მიეცათ.
„პირველ არხს მაინც მიეცით ლაივის უფლება. ხომ იცით, რომ განსაკუთრებული საჯარო ინტერესის საგანია, უამრავ ადამიანს აინტერესებს. რატომ ხართ წინააღმდეგი, რომ პირდაპირ ეთერში გადასცეს. თქვენ არ ხართ თავისუფალი გადაწყვეტილებებში, ადამიანი არ მოგყავთ, ყველაფრის უფლებას გვართმევთ. თქვენთვის უკეთესი არ არის, რომ საჯარო იყოს“, – მიმართა გიგი უგულავამ მოსამართლე ნინო ელიეშვილს.
მოსამართლემ გიგი უგულავას სასამართლოს პატივისცემისკენ მოუწოდა და აღნიშნა: „ვწუხვარ, რომ ასე საუბრობთ, ბატონო გიორგი, ხელს ნუ გვიშლით“.
ამასთან, საქმის პროკურორმა განაცხადა, რომ გიგი უგულავას პრეტენზიები გაუგებარია, რადგან სხდომას კამერა ესწრება და გონივრულ ვადაში მიაწვდიან მასალას სხვა ტელევიზიებსაც.
„გაუგებარია ეს პრეტენზიები, კამერა ესწრება და გონივრულ ვადაში მიაწვდიან. ნუ გვიყვირით“, – მიმართა პროკურორმა გიგი უგულავას.
ამასთან, უგულავამ პროკურორს მიმართა: „ხელებს ნუ შლი“.
სასამართლო პროცესს თავად მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება. როგორც პენიტენციურ სამსახურში აღნიშნეს, შესაძლო დესტრუქციული ქმედებებისა და ჯანმრთელობის დამატებითი რისკის გამო, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, გადაიყვანოს სააკაშვილი სასამართლოში.