თბილისის საქალაქო სასამართლომ შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით „ლელოს“ საჩივარი არ დააკმაყოფილა
თბილისის საქალაქო სასამართლომ შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით „ლელოს“ საჩივარი არ დააკმაყოფილა.
პარტია საბურთალოს ოლქის ოქმების გადახედვას ითხოვდა. როგორც „ლელოში“ აცხადებენ, ოქმებში ხმებსა და ხელმოწერებს შორის შეუთავსებლობა იყო.
„ლელო“ სასამართლოში საბურთალოს ოლქის კიდევ 22 ოქმის გასაჩივრებას გეგმავს.
„ოთხი ოქმი იყო გასაჩივრებული. ერთ-ერთ ოქმზე საოლქო კომისიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გადათვლილია ეს ოქმი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გადაითვალა საარჩევნო სუბიექტების მონაწილეობის გარეშე. იქ იყო ძალიან სერიოზული დარღვევები. დანარჩენ ოქმებზე შესწორების ოქმები იყო დართული, რომ რომელიღაც თანამშრომელს დაეძინა ან სწორად ვერ დათვალა და შედეგებია ერთი დღის შემდეგ. ესეც საარჩევნო სუბიექტების დაუსწრებლად მოხდა“, – განაცხადა პარტიის წევრმა, ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა.