თბილისის საქალაქო სასამართლო 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თბილისის საქალაქო სასამართლო 18 ნოემბრის აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პროცესზე წესრიგის დარღვევის არაერთი მცდელობისა და სხდომის დახურვის შესაბამისი საფუძვლების არსებობის მიუხედავად, პროცესები ღიაობისა და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით წარმართა.
„2019 წლის 19-21 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეები ადმინისტრაციული პასუხისგებაში მიცემული პირებისა და მათი მხარდამჭერების მხრიდან სასამართლო სისტემის მიზანმიმართული დისკრედიტაციის, დეზინფორმაციის გავრცელებისა და მწვავე კრიტიკის ფონზე განიხილა.
სასამართლომ მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, პროცესზე წესრიგის დარღვევის არაერთი მცდელობისა და სხდომის დახურვის შესაბამისი საფუძვლების არსებობის მიუხედავად, პროცესები ღიაობისა და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით წარმართა.
მიუხედავად იმისა, რომ ადგილი ჰქონდა მართლმსაჯულების განხორციელებაზე ზეწოლისა და ხელშეშლის მცდელობის ფაქტებს, პროცესზე სხდომის თავმჯდომარის და სასამართლოს შენობასა და ეზოში მანდატურის სამსახურის მხრიდან სრულად იქნა დაცული მოქალაქეთა სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება.
რაც შეეხება სასამართლოში საქმეთა განაწილებასთან მიმართებით გამოთქმულ უკმაყოფილებას, სასამართლო განმარტავს, რომ საერთო სასამართლოებში საქმეები ნაწილდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით დამტკიცებული „საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის“ შესაბამისად, მოსამართლეთა სპეციალიზაციის მიხედვით. ადმინისტრაციულ საქმეებზე, რომელთა განხილვის ვადა არ აღემატება 72 საათს, კანონმდებლობით დადგენილი წესით დგინდება მორიგეობა და არასამუშაო და სამუშაო საათებში აღნიშნული საქმეები ნაწილდება მოსამართლეთა მორიგეობის მიხედვით.
მოცემულ შემთხვევაში განაწილებულ საქმეთა რაოდენობა მხედველობაში არ მიიღება. ამასთანავე, მიმდინარე თვის სტატისტიკური მონაცემებით, ყოველდღიურად მორიგე მოსამართლეზე საშუალოდ 51 სამართალდარღვევის საქმე ნაწილდება. შესაბამისად, 2019 წლის 19 ნოემბერს შემოსული ოქმები განაწილდა აღნიშნული წესის თანახმად, მორიგე მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილზე.
საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის თანახმად, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციას და კანონს. რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე, ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით. არავის არა აქვს უფლება მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე. სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით.
საქალაქო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს დროებითი მოთავსების საკანში მოთავსებული პირების მონახულების უფლება აქვთ მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს, საქართველოს სახალხო დამცველს და მის წარმომადგენლებს.
2019 წლის 21 ნოემბერს სასამართლომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული 12 პირის მიმართ შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებზე იმსჯელა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევის არ არსებობის გამო, წვრილმანი ხულიგნობის ნაწილში საქმისწარმოება თორმეტივე პირის მიმართ შეწყდა. სასამართლომ 12 პირი სამართალდამრღვევად ცნო სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის და 10 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ერთი პირი დაჯარიმდა -1000 ლარის ოდენობით, ერთ მათგანს კი მიეცა სიტყვიერი შენიშვნა.
სამართალდარღვევათა ოქმების განხილვა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული 25 პირის მიმართ გადადებულია სხვა დროისთვის“, – ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს გავრცელებულ განცხადებაში.