სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 2022 წლის საპატიო თბილისელები დაჯილდოვდნენ.
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თითოეულ მათგანს თბილისის სიმბოლური გასაღები, სიგელი და გულსაბნევი გადასცა.
დაჯილდოებაზე შეკრებილ საზოგადოებას თბილისის მერმა სიტყვით მიმართა და 20 საპატიო თბილისელს ახალი სტატუსი მიულოცა.
„პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, პროფესიონალიზმით, საქმისა და ქვეყნის სიყვარულით სავსე ადამიანებზე დგას თბილისი და მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანები ჩვენ გვერდით მრავლად არიან და დღეს მაქვს პატივი, რომ კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრათ მათ იმისათვის, რაც ჩვენი ქალაქისთვის უკეთებიათ, აკეთებენ და მომავალში გააკეთებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მიმდინარე წელს თბილისის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭათ – შალვა ამონაშვილს (მეცნიერი, პედაგოგი, ფსიქოლოგი); თენგიზ არჩვაძეს (მსახიობი); ტარიელ ჭანტურიას (მთარგმნელი, პოეტი); ჯემალ ღაღანიძეს (მსახიობი); მერაბ კოკოჩაშვილს (კინორეჟისორი, პედაგოგი); მინდია უგრეხელიძეს (სამართალმცოდნე); ვახტანგ ჯავახაძეს (პოეტი, მწერალი, მთარგმნელი); ჯემალ სეფიაშვილს (კომპოზიტორი); ბადრი ვადაჭკორიას (ჟურნალისტი, ფოტოხელოვანი); გურამ ბექაიას (ფიზიოლოგი, მეცნიერი); ილია ხეროდინაშვილს (ინჟინერი, მეცნიერი); ლაურა იაშვილს (მუსიკოსი, პიანისტი); რევაზ ასათიანს (ინჟინერ-მშენებელი); ვახტანგ დავითაიას (არქიტექტორი, პედაგოგი); მაია გოთუას (ალერგოლოგი, იმუნოლოგი); ვან ბაიბურთს (პოლიტიკოსი, ჟურნალისტი); ჰასან ჰასანოვს (აზერბაიჯანელი დიპლომატი); ელიზაბეთ სომბარტს (ფრანგი პიანისტი); ელდარ შენგელაიას (რეჟისორი) და დიზაინერ დემნა გვასალიას.
სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა თბილისის მერიის „ბიგ ბენდი“.