თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში კინორეჟისორ სერგო ფარაჯანოვის დაბადების დღესთან დაკავშირებით მისი ხსოვნის საღამო გაიმართა, რომელსაც საკრებულოს წევრი ნინო რუხაძე უძღვებოდა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ, სერგო ფარაჯანოვის განსაკუთრებულობაზე ისაუბრა და ამასთანავე აღნიშნა, რომ ფარაჯანოვის ხელოვნება და შემოქმედება პროფესიონალების შესაფასებელია და სათანადოდ არის დაფასებული.
სერგო ფარაჯანოვის შემოქმედების მნიშვნელობაზე ისაუბრა ნინო რუხაძემ.
„დღეს გადავწყვიტეთ, დიდი კინორეჟისორის იუბილე დედაქალაქის საკრებულოში აღგვენიშნა. სერგო ფარაჯანოვი ერთ-ერთი ყველაზე არაორდინალური ფიგურაა კინემატოგრაფიის და საერთოდ, ხელოვნების ისტორიაში, რომელიც ორიგინალური გამონათქვამებითა და ფილმებში მისი ნოვატორული სახეებით არის გამორჩეული“, – აღნიშნა ნინო რუხაძემ.
ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა სერგო ფარაჯანოვი გაიხსენეს, მისი შემოქმედების მნიშვნელოვანი ასპექტები განიხილეს და რეჟისორის თბილისისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებასა და სიყვარულზე ისაუბრეს.
საღამოზე ასევე იური მეჩითოვის მიერ გადაღებული სერგო ფარაჯანოვის ფოტოებისა და ქართველ სომეხთა კავშირის მიერ ორგანიზებული დიდი რეჟისორის სახელობის კონკურსის მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენა შედგა.
ღონისძიების დასასრულს, რომელსაც საკრებულოს წევრები, საზოგადო მოღვაწეები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, პიანისტმა დინი ვირსალაძემ სერგო ფარაჯანოვისადმი მიძღვნილი მუსიკალური კომპოზიციები შეასრულა.
თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, 2021 წლის სექტემბერში მთაწმინდაზე ქუჩას, სადაც სერგო ფარაჯანოვი ცხოვრობდა, მისი სახელი ეწოდა.
ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.