თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრის, ზურაბ ნეფარიძის განაჩენზე საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს
თბილისის საქალაქო სასამართლომ თაღლითობის, ქრთამის აღებისა და შრომის კანონმდებლობის დარღვევისათვის თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილ მაჟორიტარ წევრს, ბრალდებულ ზ. ნ.-ს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, – ამის შესახებ განცხადებას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარ წევრს, ბრალად ედებოდა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით (ორი ეპიზოდი), ასევე თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით (ერთი ეპიზოდი), ასევე ბრალად ედებოდა ქრთამის აღება, ე.ი. მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მოთხოვნა და მიღება თავის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელემ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან, ჩადენილი გამოძალვით (ოთხი ეპიზოდი), ზ. ნ.-ს, გამოძიება ასევე ედავებოდა შრომის კანონმდებლობის დარღვევას, ე.ი. პირის იძულებას, დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე.
„საქმის მასალების თანახმად, 2014 წლის 15 აგვისტოდან, 2017 წლის 31 მარტის ჩათვლით, საკუთარ ოფისში, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, ფიქტიურ თანამშრომლად გაფორმებული მოქალაქის სახელფასო ანგარიშიდან საერთო ჯამში 36 552,5 ლარს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა. ბრალდებული, ასევე ორ სხვა თანამშრომელს, ურიცხავდა იმაზე მეტ ხელფასს, ვიდრე ეკუთვნოდათ და ზედმეტად დარიცხულ თანხას თავად ეუფლებოდა, შედეგად 2017 წლის აგვისტოდან, 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით პერიოდში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კუთვნილ 11 100 და 1 500 ლარს, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა. ბრალდებულმა, ასევე აიძულა რამდენიმე შტატგარეშე მოსამსახურე, სამსახურის შენარჩუნების სანაცვლოდ, ყოველთვიურად, მისთვის გარკვეული თანხა გადაეცათ, საბოლოო ჯამში, ქრთამის აღების 4 ეპიზოდში, ბრალდებული ქრთამის სახით 16 040 ლარს დაეუფლა. თანხის გამოძალვასთან დაკავშირებით, მაჟორიტარს ერთ-ერთ თანამშრომელთან ურთიერთობა დაეძაბა და საბოლოოდ, 2017 წლის 25 აგვისტოს, აიძულა ეს უკანასკნელი ხელი მოეწერა განცხადებაზე, სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე.
სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების: მოწმეთა ჩვენებების, თემატური რევიზიის დასკვნის, საბანკო დოკუმენტაციის, ფარული ვიდეო-აუდიო და სატელეფონო ჩანაწერების, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან მიღებული მასალების და სხვა მტკიცებულებების ერთობლიობის შეფასების შედეგად, დადასტურებულად მიიჩნია ზ. ნ.-ს მხრიდან ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის ფაქტები. დანაშაულთა ერთობლიობით და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, სასამართლომ, ბრალდებულს, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – აღნიშნულია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.