თბილისის საკრებულოს წევრს, ჯაბა ჯიშკარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
თბილისის საკრებულოს წევრს, ჯაბა ჯიშკარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს, პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის“ წევრს, ჯაბა ჯიშკარიანს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ცოტა ხნის წინ დაწერა.

როგორც ჯიშკარიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, მას შემდეგ, რაც მისი პარტიის წევრებს, ლევან გოგიჩაიშვილსა და გედევან ფოფხაძეს კორონავირუსი დაუდგინდათ, ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

„მას შემდეგ, რაც ჩემს მეგობრებს, ლევან გოგიჩაიშვილსა და გედევან ფოფხაძეს დაუდასტურდათ კორონავირუსი, მე თვითიზოლაციაში გადავედი, სადაც მეათე დღეს დამეწყო თავის ძლიერი ტკივილი, არ მიყუჩებდა მედიკამენტი და ეპიდემიოლოგების რჩევით კარანტინიდან გადავედი ცხელების ცენტრში, ბოჭორიშვილის კლინიკაში, სადაც დღეს მივიღე „კოვიდ-19“-ზე დადებითი პასუხი. დავკარგე ყნოსვა და გემოც.

იქიდან გამომდინარე, კარანტინში ვიმყოფებოდი და ათი დღის განმავლობაში კონტაქტი არ მქონია არავისთან, შესაბამისად, კონტაქტების წრე ალბათ, მინიმალურია. ამას გამოიკვლევენ ეპიდემიოლოგები“, – განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.