თბილისის საკრებულოს წევრ თემურ გორგაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საკრებულოს წევრ თემურ გორგაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თაღლითობის ბრალდებით დაკავებულ, თბილისის საკრებულოს წევრ, თემურ გორგაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.

საქალაქო სასამართლოში გორგაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი დღეს განიხილეს.

ადვოკატი, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის 15 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.  გიორგი ქუმისშვილის განცხადებით, საკრებულოს წევრი მის მიმართ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. მისი თქმით, გორგაძე მიმალვას არ აპირებდა და ამიტომ, პატიმრობის აუცილებლობა არ იყო. ადვოკატის განცხადებით, გამოძიებას ბრალის დასამტკიცებლად საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს.

სუს-ის მიერ რამდენიმე დღის წინ დაკავებულ საკრებულოს დეპუტატს თავდაპირველად, ქრთამის აღებას ედავებოდნენ, თუმცა მუხლი გადაკვალიფიცირდა და მას ბრალი თაღლითობის მუხლით წარედგინა. გამოძიების ვერსიით, ის ერთ-ერთ მოქალაქეს დაპირდა, რომ 7 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, მის ახლობელს შეწყალების კომისიის დახმარებით, ციხიდან გაათავისუფლებდა. სუს-ის ინფორმაციით, გორგაძემ აღნიშნულ პირს 3500 აშშ დოლარი გამოართვა.

თემურ გორგაძე კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატია.