თბილისის ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე აირჩიეს.
„ქართული ოცნების“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ტყემალაძის კანდიდატურას 27-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ერთმა თავი შეიკავა, ერთი კი წინააღმდეგი იყო.
საკრებულოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს ნდობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
„დიდი პატივია, იყო საკრებულოს წევრი, ატარო ეს მანდატი და იმუშაო ქალაქის კეთილდღეობისთვის. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ჩვენ, ყველანი ერთობლივად შევძლებთ განვახორციელოთ ჩვენი ქალაქისა და თანამოქალაქეებისთვის სასიკეთო საქმიანობა. ამაში კი დაგვჭირდება ერთიანობა. მინდა, ვთხოვო ოპოზიციის წარმომადგენლებსაც, რომ კონსტრუქციულად ჩაერთონ ყველა იმ გადაწყვეტილების მიღებაში, რაც ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი იქნება. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას გამოხატული ნდობისთვის“-განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
გიორგი ტყემალაძე თბილისის წინა მოწვევის საკრებულოსაც ხელმძღვანელობდა.
საკრებულოს სხდომას თავმჯდომარის არჩევამდე უხუცესი წევრი ნიკოლოზ კახეთელიძე უძღვებოდა.
საკრებულოს შემადგენლობის უმრავლესობას „ქართული ოცნება“ წარმოადგენს 29 დეპუტატით, 21 დეპუტატი კი ოპოზიციური პარტიებიდან არის. მათ შორის, 13 დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ოთხი- პარტია „საქართველოსთვის“, ორი-„ლელოდან“, ერთი კი, ანა დოლიძის პარტია „ხალხისთვის“ წარმომადგენელია.