თბილისის საკრებულოს სხდომაზე ვაკის პარკის ტრაგედიისას გარდაცვლილი მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
თბილისის საკრებულოს სხდომაზე, სადაც დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს უსმენენ, ვაკის პარკის ტრაგედიისას გარდაცვლილი მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ტრაგედია, რომელიც 2022 წელს თავს დაატყდა თბილისს, თითოეული ადამიანისთვის არის დიდი ტკივილი.
„გვაქვს შესაძლებლობა, ვისაუბროთ იმ პროექტებზე, რომლებიც განვახორციელეთ და რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ მომდევნო წლების განმავლობაში. დღეს ვისაუბრებ ქალაქისთვის სასიცოცხლო მასშტაბურ მოვლენებზე, რომლებზეც ვმუშაობდით, ვმუშაობთ და მომავალშიც გავაგრძელებთ მუშაობას, გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომლებიც დასაძლევი გვაქვს და მიზნებზე, რომლებსაც ერთად უნდა მივაღწიოთ.
რაც შეეხება 2022 წელს, თბილისს წელს არაერთი გამოწვევა ჰქონდა, რომელთა დიდი ნაწილი გამარჯვებით დავაგვირგვინეთ, მაგრამ, გამარჯვებებთან ერთად, იყო ბევრი პრობლემა, გამოწვევა და, სამწუხაროდ, დიდი ტრაგედია, რამაც ეს ყველაფერი გააუფერულა, როგორც პირადად ჩემთვის, ჩემი თანამშრომლებისთვის, როგორც ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქისთვის, დედაქალაქის მერისთვის, როგორც ოთხი შვილის მამისთვის.
ყველა სიძნელე, ყველა სირთულე გადალახვადია, ყველა დანგრეული გზა აღდგენადია, მაგრამ ტრაგედია, რომელიც 2022 წელს თავს დაატყდა თბილისს, არა მხოლოდ ჩემთვის, დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანისთვის არის დიდი ტკივილი. სწორედ ამიტომ, დღევანდელი ანგარიში, მინდა, დავიწყო მარიტას ხსოვნით, რომლის წინაშე გვაქვს ვალდებულება, რომ მსგავსი ტრაგედია არასდროს განმეორდეს. გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მარიტას ხსოვნას“, – განაცხადა კახა კალაძემ.