თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წევრი მენეჯმენტს მიმართავს, აიღოს პასუხისმგებლობა, გაუქმდეს თავმჯდომარის პოსტი, შეიქმნას დროებითი მმართველი ორგანო
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წევრი მენეჯმენტს მიმართავს, აიღოს პასუხისმგებლობა, გაუქმდეს თავმჯდომარის პოსტი, შეიქმნას დროებითი მმართველი ორგანო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წევრი განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ისინი ითხოვენ, პარტიის მენეჯმენტმა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, გადამწყვეტ არჩევნებამდე გაუქმდეს თავმჯდომარის პოსტი და პარიტეტულ საწყისებზე შეიქმნას დროებითი მმართველი ორგანო.

„პარტიის არსებული მენეჯმენტი არჩევის დღიდან გამოხატავს და ქმედებებით ამტკიცებს, რომ ის არ არის ორიენტირებული პარტიის ერთობაზე, დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის არსებობასა და პარტიის შიგნით განსხვავებული აზრისა და დისკუსიის შენარჩუნებაზე.

პრობლემა სათავეს იღებს თავმჯდომარის არჩევიდან მეხუთე დღეს მიღებული გადაწყვეტილებიდან პოლიტსაბჭოს ფორმირებასთან დაკავშირებით, რაც თვეების განმავლობაში მენეჯმენტისა და თავმჯდომარის ქმედებებითა თუ რიტორიკით გადაიზარდა მწვავე კრიზისში, რომელიც არათუ გვარდება, აღიარებულიც არ არის და ღრმავდება.

დღეს უკვე კრიზისის დაყვანა პოლიტსაბჭოს წევრობა/არ წევრობამდე, რბილად რომ ვთქვათ, პრობლემიდან გაქცევაა და არა მისი აღიარება და მოგვარებაზე ზრუნვა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კრიზისმა პარტიის ყველა რგოლი მოიცვა, რასაც ნათლად ხედავს ამომრჩეველი და ამას საჯაროდ აფიქსირებენ პარტიის მაღალი თანამდებობის პირები.

ეს პარტია იმსახურებს ბევრად მეტს, ვიდრე ახლა ჩვენ ვთავაზობთ ამომრჩეველსა და საზოგადოებას.

ხალხის მოთხოვნა არის ერთობა და მართვის დემოკრატიული პრინციპები. ჩვენ, საკუთარი პარტიის მაგალითზე საზოგადოებას უნდა ვანახოთ, რომ პარტიას სახელმწიფოს მართვის სადავეებთან მოსვლის შემთხვევაში შეუძლია იყოს ყველას წარმომადგენელი და არა რომელიმე კონკრეტული ჯგუფის.

უსამართლოდ დანიშნული პოლიტსაბჭოს გაფართოებით უსამართლობა მხოლოდ ფართოვდება, პრობლემის მოგვარების ნაცვლად.

ერთი ნიკა მელიას, ან თუნდაც რამდენიმე ადამიანის პარტიიდან გარიცხულად გამოცხადებით, ნუ გგონიათ, რომ მხოლოდ მათ რიცხავთ, ამით პარტიის მიღმა პარტიის ასობით წევრსა და ათასობით მხარდამჭერს ტოვებთ.

იმისთვის, რომ დისკუსიისთვის გაჩნდეს სივრცე, არსებობდეს ერთობის შანსი და პარტია გამოუსწორებელ შედეგებამდე არ მივიდეს, რღვევისა და დაშლის ფონზე არ შეხვდეს 2024 წლის არჩევნებს, ვითხოვთ, პარტიის მენეჯმენტმა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, გადამწყვეტ არჩევნებამდე გაუქმდეს თავმჯდომარის პოზიცია და პარიტეტულ საწყისებზე შეიქმნას დროებითი მმართველი ორგანო“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: ნინო კვიტაიშვილი, ანა გოგოლაძე, მამუკა გუგეშაშვილი, გიორგი ონიანი, ზვიად კუპრავა, თორნიკე ბიკაშვილი.