თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ სატრანსპორტო კომპანიის დირექტორთან შეხვედრას ითხოვს
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი მამუკა კობახიძე მეტროპოლიტენის თანამშრომელთა გაფიცვის თაობაზე მათთან სასაუბროდ არ მივიდა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ კანონმდებლობით, კობახიძისგან ინფორმაციის მიღების უფლება აქვთ და მასთან კითხვების დასასმელად დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თავად მივლენ.
საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, თანხა, რომელიც მეტროს მემანქანეების გაფიცვისას უფასო ავტობუსებისთვის იხარჯება, საკმარისი იყო, ერთი წლის განმავლობაში მემანქანეებს ანაზღაურება მომატებოდათ.
„ჩვენ ვნახეთ გუშინ გადაძეძგილი ავტობუსები, სადაც ზოგი მართლა ფანჯრიდან იყო გადმოვარდნილი. შესაბამისად, სწორედ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება მოვიდოდა აქ და გაგვცემდა პასუხებს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.