თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მეტროს მემანქანეებს სოლიდარობას უცხადებს
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის სატრანსპორტო სამსახურის თანამშრომლებს სოლიდარობას უცხადებს და დედაქალაქის მერს მოუწოდებს, 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანოს. „ნაციონალური მოძრაობა“ შემდგომ ეტაპზე თბილსერვისის და ბაღებში დასაქმებული ადამიანებისთვისაც ითხოვს ხელფასების მომატებას.
„მივმართავთ კახა კალაძეს, დაიწყოს თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის ცვლილებებზე მუშაობა, სადაც ის რეალურად შეამცირებს ბიუროკრატიას. ბიუროკრატიის შემცირება შეიძლება არანაკლებ 40 მილიონი ლარით. დაზოგილი თანხები მოხმარდება თბილისელების საჭიროებებს და მათ შორის, მოხმარდება თბილისის სატრანსპორტო სამსახურის თანამშრომლების სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. ჩვენ დათვლილი გვაქვს ციფრები და თბილისი სატრანსპორტო კომპანიის რიგითი თანამშრომლებისთვის და არა ტოპმენეჯმენტისთვის, რომელთა ხელფასებიც ხშირად ოთხჯერ და ხუთჯერ აღემატება მემანქანეების, მძღოლების, ხელფასებს, აი, სწორედ ამ ადამიანების ხელფასების გაუმჯობესება შეიძლება არანაკლებ 20 პროცენტით“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ირაკლი ნადირაძემ.
როგორც ირაკლი ნადირაძემ აღნიშნა, ამ მოთხოვნით თბილისის მერს 2018 წლის ბიუჯეტის მიღების დროსაც მიმართეს, თუმცა მათი ინიციატივა თბილისის მერიამ არ მიიღო, მიზეზად კი მიმდინარე რეორგანიზაცია დაასახელა.