თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს.

სტუდენტები და კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ოჯახის გამოსახლებისას სისხლის სამართლის წესით დაკავებული აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას მხარდამჭერები მათ გათავისუფლებას ითხოვენ. აკაკი ჩიქობავა სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორია, ხოლო გიორგი ხასაია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი.

აქციის მონაწილეთა ნაწილი უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბა, ნაწილმა კი უნივერსიტეტის კანცელარიის ოთახი დაიკავა.

როგორც აქციის მონაწილემ, გიორგი ჭანტურიამ განაცხადა, ისინი ლექტორებსა და პროფესორებს პროტესტში ჩართვისკენ და გაფიცვისკენ მოუწოდებენ.

„დავიკავეთ კანცელარიის ოთახი. კანცელარიის მუშაობა იქამდე არ გაგრძელდება, ვიდრე თავად თსუ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არ გააკეთებენ ოფიციალურ განცხადებას და მხარს არ დაუჭერენ აკაკი ჩიქობავას და გიორგი ხასაიას. მოვუწოდებთ ლექტორებს, პროფესორებს, ჩაერთონ ამ პროტესტში და გაიფიცონ. ეს გაფიცვა იქნება სოლიდარობის“, – განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.

ამასთან, აქციის ერთ-ერთი მონაწილის, სტუდენტ მარიამ შურღაიას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია არ გათავისუფლდებიან, აქციები გაგრძელდება.

„აქ ვიქნებით იქამდე, ვიდრე არ მივიღებთ ჩვენს შედეგს. უნდა წამოვიდნენ ჩვენს წინადადებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს აქციები კიდევ უფრო გაიზრდება, ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას. ჩვენ გვაქვს მთავარი მოთხოვნები, რომ შეწყდეს მოქალაქეების გამოსახლება უკანასკნელი საცხოვრისიდან და გათავისუფლდნენ აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია“, – განაცხადა მარიამ შურღაიამ.

თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ოჯახის გამოსახლებისას სისხლის სამართლის წესით დაკავებულ აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეეფარდათ.