თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები მიმდინარეობს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები მიმდინარეობს. აუდიტორია, სადაც კენჭისყრა მიმდინარეობს, დახურულია.
თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში ერთი კანდიდატი, ჯაბა სამუშია მონაწილეობს.
კენჭისყრის პროცესი სტუდენტების ნაწილის საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. ახალგაზრდების შეფასებით, არჩევნები წესის დარღვევით იმართება და რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევა აკადემიური საბჭოს ნაცვლად, აკადემიური პერსონალის მიერ უნდა ხდებოდეს.
სტუდენტების ნაწილი მიიჩნევს, რომ აკადემიური საბჭო არალეგიტიმური ორგანოა, რომელიც მხოლოდ მმართველი პარტიისა და პრივილეგირებული ჯგუფების ინტერესებს ატარებს. სტუდენტების ნაწილის შეფასებით, მიმდინარე არჩევნები ფარსია.
პარალელურად, ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევა უმაღლესი განათლების შესახებ კანონის თანახმად ხდება და აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტია საჭირო. ადმინისტრაციის ცნობით, ამჟამად აკადემიურ საბჭოში 33 წევრია.
ამასთან, თსუ-ს ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ კენჭისყრის პროცესი 12:00 საათზე დამთავრდება, რის შემდეგაც საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომენტარს გააკეთებს. უნივერსიტეტში მობილიზებული არიან დაცვის თანამშრომლები.
თსუ-ს რექტორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც რექტორმა გიორგი შარვაშიძემ 7 ოქტომბერს საკუთარი განცხადებით აკადემიურ საბჭოს მიმართა და გადადგომა მოითხოვა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატთა რეგისტრაცია 13 ოქტომბერს დასრულდა. თსუ-ს ადმინისტრაციის განცხადებით, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში მონაწილეობისთვის საბუთები მხოლოდ ერთმა პირმა შეიტანა.