თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირება „შინ ევროპისკენ“ წარმომადგენლებსა და უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში მყოფ ახალგაზრდებს შორის მაშინ დაიწყო, როცა მოძრაობის წევრები 3 ივლისის აქციის ფლაერებს არიგებდნენ. ერთ-ერთი სტუდენტის, სოფო მოლოშხიას განცხადებით, სტუდენტების ნაწილს, ვინც ფლაერებს და ბუკლეტებს არიგებდა, მათთვის უცნობმა ჯგუფმა ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
„გადავწყვიტეთ, რომ მივსულიყავით ისეთ ადგილას, სადაც არიან სტუდენტები, ამიტომ ავირჩიეთ თსუ-ს მაღლივის ბიბლიოთეკა, რადგან არის საგამოცდო პერიოდი და სტუდენტები იქ იმყოფებიან. სრულიად წარმოუდგენლად დაგვხვდნენ „ქართული ოცნების“ ზონდერები, რომლებიც არ იყვნენ სტუდენტები. სიტყვიერი დაპირისპირებიდან გადაინაცვლეს ფიზიკურ დაპირისპირებაში, რასაც მოყვა პოლიციის გამოძახება“, – განაცხადა სოფო მოლოშხიამ.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ დაპირისპირების დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.