თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზიდან ჭოველიძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში გადაადგილების სქემა დროებით შეიცვლება
თბილისის მერიის ცნობით, მერაბ კოსტავას ქუჩაზე, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზიდან ჭოველიძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით, 29 ნოემბრის 00:00 საათიდან 5 დეკემბრამდე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების სქემა შეიცვლება.
რუსთაველის გამზირიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩებიდან გადაადგილებას მერაბ კოსტავას ქუჩისა და გმირთა მოედნის მიმართულებით ნიკოლაძის ქუჩის გავლით შეძლებენ. რუსთაველის გამზირიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები კი კოსტავას ქუჩის გამოყენებით, მარცხნივ მოხვევით, მხოლოდ ჭოველიძის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ.
რაც შეეხება მელიქიშვილის გამზირიდან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს, ამ შემთხვევაში მიმართულება დარჩება უცვლელი და მძღოლები როგორც რუსთაველის გამზირის მიმართულებით, ასევე მარცხნივ მოხვევით, კოსტავას ქუჩისა და გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილდებიან.
„რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები: N306, N310, N314, N326, N331, N337, N342, N352, N358, N378, N391, N397, N301, N345, N359, N388 და მიკროავტობუსები: N472, N532, N540, N541, პირველი რესპუბლიკის მოედნის საშუალებით, ქიაჩელისა და ნიკო ნიკოლაძის ქუჩებზე გადავლენ, შემდეგ კი მერაბ კოსტავას ქუჩით დაუკავშირდებიან გმირთა მოედანს და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ. უკუმიმართულებისას საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა არ იცვლება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.