თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან აქცია მიმდინარეობს
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან აქცია მიმდინარეობს

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან სტუდენტები, თანამშრომლები, მუსიკოსები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები არიან შეკრებილები. ისინი აპროტესტებენ კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომლის გათვალისწინებით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიიის რექტორის არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო კომისიამ საარჩევნო პროცესი შეწყვიტა.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ეს არის სამინისტროს მხრიდან რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელება და უმაღლესი სასწავლებლის დამოუკიდებლობაში უხეში ჩარევა.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საარჩევნო კომისიამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა.

„საარჩევნო კომისია აღნიშნავს, რომ, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 25/09/2023 No 00033770 ბრძანებით, გაუქმდა „სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის No16 სხდომაზე მიღებული „სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე“ კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის No52/2023 დადგენილება. ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა“, – ნათქვამია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადებაში.

ამასთან, კულტურის სამინისტრომ დღეს დილით გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ უწყება მიესალმება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის გადაწყვეტილებას რექტორის არჩევნების პროცედურის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ვინაიდან საარჩევნო პროცესი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ხარვეზით მიმდინარეობდა.

„სამინისტრო გამოხატავს მზადყოფნას, დაეხმაროს კონსერვატორიას საარჩევნო პროცედურის კანონის შესაბამისად მომზადებაში, რისთვისაც ვადად განისაზღვრა ხუთი სამუშაო დღე. სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ ხარვეზი აღმოიფხვრება, რის შემდეგაც კონსერვატორია შეძლებს, რექტორის არჩევნები, კანონით დადგენილი პროცედურის მიხედვით, შეძლებისდაგვარად სწრაფად ჩაატაროს. უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი რექტორის უფლებამოსილების ვადა არ იწურება მიმდინარე წლის 21 ოქტომბრამდე, რაც კონსერვატორიის უწყვეტად ფუნქციონირების მნიშვნელოვანი პირობაა“, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში.

კონსერვატორიის რექტორის არჩევნები 10 ოქტომბერს იყო დანიშნული.