თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია კომპოზიტორ ნოდარ მამისაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
გარდაიცვალა კონსერვატორიის ემერიტუსი, უდიდესი ქართველი კომპოზიტორი, მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, დიდი მოაზროვნე და საზოგადო მოღვაწე ნოდარ მამისაშვილი.
ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს ინფორმაციას.
„ნოდარ მამისაშვილის პიროვნება უნიკალურია თავისი მრავალმხრივობით და სისტემური აზროვნებით. ნოდარ მამისაშვილი ათეულობით სამეცნიერო ნაშრომისა და პუბლიკაციის ავტორია. მან პირველად მსოფლიოში შექმნა ცხრა საეკლესიო ზარის რეზონანსული განაწილების აკუსტიკური სქემა, რომლის მიხედვითაც მოხდა წმ.სამების ტაძარში ზარების განაწილება სამრეკვლო სივრცეში. რაც მნიშვნელოვანია, ქართული სამგალობლო ჰარმონიიდან, მან გამოყო ძირითადი ფუძე – ტონები და გადაიტანა ცხრა ზარის ხმოვანებაში. ასევე მოახდინა ზარების დიფერენციაცია ფუნქციების მიხედვით: ორი მოხმობის ზარი, ორი მიმტევებლობის, ორი სამგალობლო, ერთი მონანიების, ლოცვის, ერთი დიდების ზარი.
როგორც კომპოზიტორი, ნოდარ მამისაშვილი მრავალ ჟანრს შეეხო, მათ შორის ოპერის, ბალეტის, სიმფონიური, საორგანო, საგუნდო მუსიკის. იგი ავტორია საბავშვო ოპერის „ბაქია – ბაჭია“, ბალეტის „სამი გასაღები“, 7 სიმფონიის, ნაწარმოებებისა სიმფონიური და კამერული ორკესტრებისთვის, ინსტრუმენტული კონცერტების, საგუნდო, საგუნდო-სიმფონიური, იგი ასევე არაერთი კამერული ნაწარმოების შემქმნელია. ნოდარ მამისაშვილი მოღვაწეობს გამოყენებითი მუსიკის სფეროშიც. დაწერილი აქვს მუსიკა დრამატული სპექტაკლებისა და მხატვრული ფილმებისთვის. აღსანიშნავია მისი „ტანდემი“ ქართველ რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილთან, ამ თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა ფილმები „დიდი მწვანე ველი“ და „ცხელი ზაფხულის სამი დღე“, სადაც მუსიკა გვხიბლავს თავისი გულწრფელობით. ნოდარ მამისაშვილის შემოქმედება ღრმად ეროვნული და ამავდროულად ინტერნაციონალური და ზოგადსაკაცობრიო. იგი ეროვნული საწყისის ისეთ ღრმა შრეებს ეხება, რომლებიც ხანდახან არცთუ ადვილი შესამჩნევი და აღსაქმელია.
კონსერვატორიის სახელით ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს, მოსწავლეებს და საქართველოს მუსიკალურ საზოგადოებას ამ დიდ დანაკარგს“, – ნათქვამია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.