თბილისის სახანძრო-სამაშველო ავტოპარკი 30 ახალი სახანძრო-სამაშველო ავტომობილით სრულად განახლდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „მაგირუსისგან“ 30 ახალ სახანძრო-სამაშველო ავტომანქანას შეიძენს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გერმანული კომპანიის წარმოებული 25 მანქანა თბილისში 2019 წლის ბოლოს, ხუთი კი, 2020 წლის დასაწყისში შემოვა, რითაც სრულად განახლდება თბილისის სახანძრო-სამაშველო ავტოპარკი.
პროექტის ფარგლებში, თბილისის სახანძრო-სამაშველო განყოფილებების ავტომანქანები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდება.
ავტომანქანების ტენდერის გზით შესყიდვისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 17 მილიონი ლარი დაიხარჯება.
თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მღებრიშვილმა და ამიერკავკასიაში, კომპანია „მაგირუსის“ გაყიდვების მენეჯერმა, ვილჰელმ ტიტკემ მოაწერეს.
ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან კაკავა და სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი ესწრებოდნენ.