თბილისის საჯარო სკოლების შშმ და სპეციალური საჭიროების მოსწავლეებს ადაპტირებული ტრანსპორტი ემსახურება
2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან, თბილისის საჯარო სკოლების შშმ, სსსმ-სტატუსის მქონე და ეტლით მოსარგებლე 300-ზე მეტი მოსწავლე, რომლებიც დამოუკიდებლად ვერ ახერხებენ გადაადგილებას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სპეციალური ადაპტირებული ტრანსპორტით უზრუნველყო.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საჭიროებიდან გამომდინარე, მათ ტრანსპორტირებაში ჩართული არიან სპეციალურად გადამზადებული გამყოლებიც.
„სამინისტროს მიერ ტრანსპორტით უზრუნველყოფილნი არიან ის მოსწავლეებიც, რომელთა სკოლებსა და დასახლებებს შორის დიდი მანძილია და მოსწავლეები, რომლებიც სარეაბილიტაციო/სამშენებლო სამუშაოების გამო დროებით გადაყვანილი არიან სხვადასხვა სკოლაში (სულ 2600-მდე მოსწავლე).
„საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის“ პროგრამას თბილისის მასშტაბით სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს. აღნიშნული პროგრამის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმისაწვდომობის გაზრდა, მოსწავლეების მიერ გაკვეთილზე დაგვიანებისა და გაცდენების მაჩვენებლის შემცირება და ასევე საცხოვრებელი ადგილიდან სკოლამდე, და პირიქით, მოსწავლეთა უსაფრთხო გადაადგილება“, – ნათქვამია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, „საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში, 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ 1 259 790 ლარის მოცულობის ელექტრონული ტენდერი 2019 წლის 18 დეკემბერს გამოცხადდა.
2019-2020 სასწავლო წლის პირველ სემესტრში ტრასპორტით უზრუნველყოფილი იყო 21 სკოლის 1000 მოსწავლე (აქედან 215 შშმ და სსსმ სტატუსის მქონე მოსწავლე).